პრაიდის კვირეული

ოცნების დეპუტატი პრაიდზე: კარგი იქნება, გაითვალისწინონ, რატომაა დიდი ნაწილისგან აგრესია

ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე იზიარებს თბილისის მერის, კახა კალაძის აზრს, რომელსაც პრაიდის კვირეულის ჩატარება "არ მიაჩნია მიზანშეწონილად". მიქანაძე ამბობს, რომ ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ, "საზოგადოების ასეთი დიდი ნაწილის მხრიდან რატომ არის აგრესია". 

"ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი, უდიდესი, ნაწილი გარკვეულ გაღიზიანებად და ნეგატიური კუთხით წაქეზებად აღიქვამს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის უფლება დაცულია და დაცული იქნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ამ ღონისძიების ჩატარების საჭიროებას, თუმცა არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც უნდა. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სურვილი, რომელიც ადამიანის უფლებების კონტექსტში ჯდება, ჩვენთვის პატივსაცემი და მისაღებია. შესაბამისად, სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვთ კიდევაც და ეს უზრუნველყოფილი და დაცული იქნება. 

თუმცა, კარგი იქნება, რომ ამ ადამიანებმა, ისიც გაითვალისწინონ, საზოგადოების ასეთი დიდი ნაწილის მხრიდან რატომ არის აგრესია ამ ღონისძიებასთან მიმართებაში. მათ უფლება აქვთ, რომ ეს ჩაატარონ, თუმცა, მათ ადგილზე დაფიქრებაცაა საჭირო, სხვა ადამიანების პოზიცია რა არის ამასთან დაკავშირებით და ეს არ არის პატარა ჯგუფი, ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია ამგვარი აქცია". - ამბობს გივი მიქანაძე რუსთავი 2-თან. 

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება. 

კომენტარები