რამან პრატასევიჩის დაკავება

აქტივისტის დაკავების გამო, ევროკავშირი ბელარუსს დამატებით ახალ სანქციებს უწესებს

პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით, 23 მაისს Ryanari-ის რეისის იძულებით დაშვების და ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, რამან პრატასევიჩის დაკავების გამო, ევროკავშირი ბელარუსს დამატებით ახალ სანქციებს უწესებს. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი ბელარუსის ენერგეტიკულ და სოფლის მეურნეობის სექტორებს დაუწესდება, კერძოდ, ნავთობისა და სასუქის ექსპორტს. გარდა ამისა, იგეგმება ბელარუსის ფინანსური, ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო სფეროების სანქცირება. 

შეზღუდვები დაუწესდება პრატასევიჩის საქმესთან დაკავშირებულ 86 პირს.

ბელარუსის ეკონომიკა სასუქის ექსპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, გასული წლის ვაჭრობამ 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციების მიზანი ბელარუსის მთავრობაზე ზეწოლის მოხდენაა. 

სანქციების ახალი პაკეტის ზუსტი პირობები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. 

ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა: 

"დღეს დამატებით შემაკავებელი ზომების დაწესებით ევროკავშირი ბელარუს ხალხს დახმარების ძლიერ სიგნალს უგზავნის. 

ჩვენი გზავნილი რეჟიმისადმი არასწორად არ უნდა იქნეს გაგებული: 

გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი. 

შეჩერდეს რეპრესიები. 

დაიწყეთ ინკლუზიური ეროვნული დიალოგი".

 


ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პრატასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რამან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.


რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები