გავრილოვის ღამე

"არა ოკუპანტების ამნისტიას" – პარლამენტთან 20 ივნისს დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს [LIVE]

ტაბულა

2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებიდან 2 წლის თავზე "გავრილოვის ღამეს" დაზარალებული მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ სახელწოდებით  "არა - ოკუპანტების ამნისტიას". აქციის მონაწილეები პარლამენტში დაინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ. 

აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. 

პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე დააინიციირეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

კანონპროექტის ხელისუფლების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი. კანონპროექტში არაფერი წერია დაზარალებულის თანხმობის შესახებ.

9 ივნისს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

19-21 ივნისს დაზარალებულებმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთიანი განცხადება გაავრცელეს. ისინი არ ეთანხმებიან და გმობენ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციური პარტიების კანონპროექტს.

დაზარალებულმა აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების მიერ ინიციირებული ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართეს. წერილში დაზარალებულები ელჩებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათი პოზიციით, ამნისტიის სახით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას.

კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა დაზარალებული აქტივისტების საპასუხო წერილში აღნიშნეს, რომ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული შეთანხმების დოკუმენტით აღებული ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა.

კომენტარები