ივანიშვილის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გავრილოვის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელობამ "ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ".
განცხადებაში წერია, რომ "საქართველოს მთავრობამ შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა", ხოლო პროკურატურამ ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
"საქმეზე "ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე დღეს, 2025 წლის 11 დეკემბერს, გამოცხადდა.
საქმე ეხება 2019 წლის 2021 ივნისს გამართულ აქციებს და აღნიშნული დემონსტრაციისშეწყვეტას სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს. გადაწყვეტილებაში, ასევე, აღნიშულია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წაახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი. შესაბამისად, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.
დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქმის განხილვის ფარგლებში სრულად ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მომჩივნების მოთხოვნა ამ ნაწილში ევროპული კონვენციის დარღვევის მიმართულებით.
სასამართლოს დიდმა პალატამ საჭიროდ არ მიიჩნია კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში საჩივრის განხილვა.
საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი გამოძიების ხარვეზები და დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული გამოძიების შედეგად 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. საქმის თაობაზე გამოძიება გრძელდება". - ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26 მოქალაქის საქმეზე დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.
სასამართლომ 26 პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ წამების აკრძალვის შესახებ მუხლი ყველა იმ 24 მოქალაქის წინააღმდეგ დაირღვა, რომელმაც აღნიშნული მუხლით სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
ამასთან, სასამართლომ მე-10 მუხლის ფარგლებში დარღვევები დაადგინა პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებიდან გამომდინარე.
ხოლო მე-11 მუხლის ფარგლებში დადგინდა 11 განმცხადებლის წინააღმდეგ აქციის დაშლის დროს ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებაც.
2019 წლის ივნისში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენასა და მის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომას. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი. ასამბლეაზე ქართულ მხარეს ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ.
19 ივნისს ჩატარებულ სხდომას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ და სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე, ძალადობრივი გზით დაშალა მომიტინგეები. კლინიკებში გადაიყვანეს 240 პირი.
საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.





