პარტია გახარია საქართველოსთვის განცხდებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია, ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ბრალდება დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს ემსახურება.
“ვეთანხმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე.
ეს არის ის, რასაც მუდმივად ვამბობდით. დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია, ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ბრალდება დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს ემსახურება.
ამასთან, დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას.
ეს საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და დადგება რეალური დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი”. - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26 მოქალაქის საქმეზე დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.
სასამართლომ 26 პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
2019 წლის ივნისში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენასა და მის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომას. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი. ასამბლეაზე ქართულ მხარეს ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ.
19 ივნისს ჩატარებულ სხდომას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ და სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე, ძალადობრივი გზით დაშალა მომიტინგეები. კლინიკებში გადაიყვანეს 240 პირი.
საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.





