გავრილოვის ღამე

SJC: 20 ივნისიდან 2 წლის შემდეგ დაზარალებულები კვლავაც სამართლისა და აღიარების მოლოდინში არიან

ტბელ აბუსერიძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოვლენები 2 წლის შემდეგაც არ არის სრულყოფილად გამოძიებული და დაზარალებული ადამიანები კვლავაც სამართლისა და აღიარების მოლოდინში არიან.

"20 ივნისის მოვლენები იყო სახელმწიფოს მოქალაქეებისგან გაუცხოებისა და პოლიტიკური მოვლენების პოლიციის ძალით მართვის სამწუხარო გამოვლინება. ორი წლის გასვლის მიუხედავად, ჩვენ:

  • ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს პოლიტიკური აქტორებისგან და უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისგან, რომ ადეკვატური დასკვნებია გამოტანილი ამ მოვლენებიდან;
  • ვერ ვხედავთ ხელისუფლების პასუხისმგებლიან პოზიციას უპირველეს ყოვლისა დაზარალებულების წინაშე,
  • ვერ ვხედავთ ქმედით ნაბიჯებს ამ მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ეფექტიანად გამოსაძიებლად;
  • ვერ ვხედავთ სრულიად პოლიტიკური კლასის მზაობას, რომ შეაჩერონ პოლიტიკური ველის პოლარიზაცია და ურთიერთ მტრობა, რათა მომავალში მსგავსი მოვლენები თავიდან იყოს აცილებული". – ნათქვამია განცხადებაში. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც 20 ივნისის მოვლენების ამნისტირების საკითხის განხილვის პროცესში დაზარალებულები გამორიცხულები არიან და მათი ინტერესებისა და საჭიროებების უგულებელყოფა ხდება. 

"20 ივნისის მოვლენებიდან ორი წლის თავზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და მთლიანად პოლიტიკურმა ველმა უარი თქვას ამ მოვლენებით ვიწრო პარტიულ მანიპულირებაზე, ხოლო 20 ივნისს დაზარალებული ადამიანების მიმართ გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რაც მათ სოციალურ, სამედიცინო და სამართლებრივ საჭიროებებს მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებს". –  ვკითხულობთ განცხადებაში. 


20 ივნისს დაზარალებულები, გავრილოვის ღამიდან 2 წლის შემდეგ პარლამენტთან აქციას გამართავენ. აქცია 18:00-ზეა ჩანიშნული და სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. დაზარალებულები აქციაზე 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტსაც აპროტესტებენ. 

პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

კანონპროექტის ხელისუფლების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი. კანონპროექტში არაფერი წერია დაზარალებულის თანხმობის შესახებ.

9 ივნისს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

19-21 ივნისს დაზარალებულებმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთიანი განცხადება გაავრცელეს. ისინი არ ეთანხმებიან და გმობენ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციური პარტიების კანონპროექტს.

დაზარალებულმა აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართეს. წერილში დაზარალებულები ელჩებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათი პოზიციით, ამნისტიის სახით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას.

კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა დაზარალებული აქტივისტების საპასუხო წერილში აღნიშნეს, რომ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული შეთანხმების დოკუმენტით აღებული ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა.

კომენტარები