პრაიდის კვირეული

ომბუდსმენი: ბოლო წლებია ლგბტქ+ თემს კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში ხელი ეშლება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, წლებია ლგბტქ+ თემს და მათ მხარდამჭერებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლად განხორციელების რეალიზაციაში ხელი ეშლებათ. ამის შესახებ ომბუდსმენმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

ლომჯარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა გააკეთა უწყებამ ამდენი წლის განმავლობაში, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით საფრთხეები დაზღვეული რომ ყოფილიყო.

"კითხვა იყო, უნდა ჩატარდეს თუ არა ღირსების მარში. ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი წლებია, საუბრობს, 2012-2013 წლებიდან, როდესაც უკვე ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი იმ პირების მიმართ, რომლებიც თანასწორობის საკითხებზე გამოვიდნენ ქუჩაში და სურდათ საკუთარი აზრის გამოხატვა.

ბოლო წლებია, ხელი ეშლებათ ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლად განხორციელების რეალიზაციაში. მე ვფიქრობ, შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რა გააკეთა იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, ეს საფრთხეები დაზღვეული იყოს.

არ შეიძლება ყოველწლიურად გვესმოდეს იმის შესახებ, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები და თუ საფრთხეები არსებობს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას აკეთებს პრევენციისათვის სამართალდამცავი ორგანოები, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მითუმეტეს, რომ საფრთხეების შესახებ წინასწარ არის გაცხადებული და ამ შემთხვევაში, პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო მეტად რეალისტურია. ამიტომ, ჩვენ ველოდებით,რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას". – ამბობს ნინო ლომჯარია.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს თქვა, რომ "კომპლექსური კონტექსტის გათვალისწინებით" თბილისი პრაიდს პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე აქტივისტებსა და ლგბტქ+ თემს უარი უნდა უთხრან. მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძე კითხვაზე "ხომ არ უგორებს ეკლესიას კოჭს",  პასუხობს, რომ ეკლესიას მისი "კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია, მე გამომიგორებს კოჭს". 

პუტინისტმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას პრაიდის კვირეულის გასაუქმებლად 10 დღე მისცა. საპასუხოდ, თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ვასაძე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა და მასთან "კეკლუცობა ქართულ ოცნებას და, სამწუხაროდ, ქვეყანას ძვირად დაუჯდება".  

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება.

კომენტარები