ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

ბაიდენი: უკანასკნელი, რაც პუტინს სურს, ცივი ომია

ჯო ბაიდენი
Patrick Semansky/AP

ჟენევაში ბაიდენსა და პუტინს შორის გამართული სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი რაც რუსეთის პრეზიდენტს სურს, ცივი ომია.

"აღვნიშნე, რომ აშშ-ს აქვს მნიშვნელოვანი კიბერშესაძლებლობები და მან ეს იცის. [..] თუ ისინი მართლაც დაარღვევენ ამ ნორმებს, იქნება პასუხი კიბერ სამყაროში, მან ეს იცის. ვფიქრობ, რომ უკანასკნელი რაც მას სურს, ცივი ომია". – თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის თანახმად, მან პუტინს უთხრა, რომ არცერთი ქვეყნის ინტერესებში არ იყო ახალი ცივი ომი. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, პუტინს ესმის ეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის "ხელებს აწევს".

კიბერუსაფრთხოების საკითხი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მხარეები კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ჟენევაში პუტინის და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.

მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს მხრიდან სამიტის მეორე სესიას ესწრებოდნენ: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უშიშროების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთის საკითხებში მრჩეველი და უშიშროების საბჭოს წევრი ერიკ გრინი, აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი.

ხოლო რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი კოზაკი.

კომენტარები