ვაქცინაცია

გაბუნია: საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ივლისის თვიდან გაფართოვდება

თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება, იმ დოზების ხარჯზე, რასაც ქვეყანა ზაფხულის პერიოდში და მის შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა. 

"საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. უკვე ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და შემდეგ". – ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, ვაქცინების მობილიზებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვაქცინაციისთვის ადგილების შექმნა და სამედიცინო დაწესებულებების ბრიგადების კიდევ დამატება

"ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვაქცინაციისთვის ადგილების შექმნა და სამედიცინო დაწესებულებების ბრიგადების კიდევ დამატება. ასევე, საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა". – ამბობს გაბუნია.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა. რაც შეეხება Sinovac-ს მისი გამოყენება ქვეყანამ 21 მაისს დაიწყო. WHO-მ მას ავტორიზაცია 1 ივნისს მიანიჭა. ამ დროისთვის ამ უკანასკნელით 25 857 ადამიანია აცრილი. 

კომენტარები