ისრაელი

12-წლიანი მმართველობის შემდეგ ნეთანიაჰუმ ძალაუფლება დაკარგა – ბენეტის მთავრობა დაამტკიცეს

THE TIMES OF ISRAEL

რამდენიმე წუთის წინ ისრაელის პარლამენტმა ახალი მთავრობის ფორმირებას კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა. კოალიციას სათავეში იამინის ლიდერი, ნაფთალი ბენეტი უდგას. პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცებით ყოფილი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდა. 

ე.წ. "ცვლილებების მთავრობა" პარლამენტმა 120 ხმიდან 60-ით დაამტკიცა. 59 კი წინააღმდეგი იყო.

კოალიციური შეთანხმების შედეგად, იამინის ლიდერი ნაფთალი ბენეტი პრემიერმინისტრის თანამდებობას 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავებს, რის შემდეგაც ის თანამდებობას მომდევნო ორი წლით იეშ ატიდის ლიდერს, იარ ლაფიდს გადააბარებს.

ისრაელის ახალ პრემიერმინისტრს, ნაფთალი ბენეტს ხშირად ახასიათებენ როგორც ულტრამემარჯვენეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ებრაული ახალშენების შენარჩუნებასა და გაფართოებას უჭერს მხარს. ეს უკანასკნელი საკითხი იყო ბოლო პერიოდში ისრაელსა და პალენსტინას შორის გამწვავებული კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამასთან ერთად, ბენეტი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის და ორი სახელმწიფოს არსებობის მოწინააღმდეგეა.

ისრაელის ოპოზიციური პარტიები ერთიანობის მთავრობის ფორმირებაზე 3 ივნისს შეთანხმდნენ. მოცემული შეთანხმება გახდა ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი პრემიერმინისტრობის დასასრული. ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო პრემიერის პოსტზე. ის ამ თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს და ამას გარდა 1990-იან წლებში 3 წლით ეკავა. 

ცენტრისტული იეშ ატიდის (მომავლის პარტია) ლიდერის, იაირ ლაფიდის თქმით, ერთიანობის კოალიციის შეთანხმება წარმატებით დასრულდა.

მარტში ჩატარებული ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუს კოალიციამ 52 ადგილი მოიპოვა, ანტინეთანიაჰუს ბლოკმა 57, პარტია იამინამ 7, არაბთა პარტია რაამმა კი - 4.

ასევე, 3 მარტს, იცხაკ ჰერცოგი ისრაელის მე-11 პრეზიდენტი გახდა და პარლამენტში 2/3-ზე მეტი ხმა მოიპოვა. მანამდე ქვეყნის პირველი პირი 7 წლის განმავლობაში  იყო რუვენ რივლინი, რომელიც თანამდებობას მომდევნო თვეში დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერმინისტრის, ნეთანიაჰუს პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ წარუდგენია და არც რომელიმესთვის მიუცია ხმა.

თავის გამოსვლაში ჰერცოგმა თქვა, რომ ის შეეცდება, გააერთიანოს ისრაელის საზოგადოება, განსაკუთრებით  საზოგადოების შიგნით ბოლოდროინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ. 

კომენტარები