არჩევნები ისრაელში

ისრაელის არჩევნების შედეგები ცნობილია, მთავრობის ფორმირება კიდევ ვერ ხერხდება

The Times of Israel

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შედეგი ცნობილია. 

პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუს კოალიციამ 52 ადგილი მოიპოვა, ანტინეთანიაჰუს ბლოკმა 57, პარტია იამინამ 7, არაბთა პარტია რაამმა კი - 4. ბოლო ორი პარტია ჯერჯერობით არც ერთ კოალიციას არ უერთდება. 

ისრაელის ქნესეთში სულ 120 ადგილია. მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროა, მინიმუმ, 61 ადგილი. 

ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის ორივე კოალიციის გარეთ მდგომი პარტიის დახმარება დასჭირდება. ეს ნაკლებად შესაძლებელია არაბთა პარტია რაამისა და ნეთანიაჰუს ულტრა-მემარჯვენე იუდეველების შეხედულებათა შორის სხვაობის გათვალისწინებით

შესაძლოა, ცვლილება მოხდეს თავად კოალიციების წევრებში და მათ ბლოკები შეიცვალონ.

თუკი მთავრობის ფორმირება კიდევ ვერ მოხერხდა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მეხუთე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გახდება საჭირო. წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლებში, ორივე კოალიციის წარმომადგენლების სიტყვებიდან ჩანდა, რომ მეხუთე არჩევნების დანიშვნა, არც ერთ მხარეს არ სურს.


წინა არჩევნები ჩიხში შევიდა, რადგან პარტიებმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს. საბოლოოდ, 2020 წლის აპრილში, მმართველი პარტია ლიკუდის ლიდერი, პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ოპოზიციური პარტიის, ლურჯისა და თეთრის ლიდერი, ბენი განცი კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. ერთობლივი მთავრობა მაისში დამტკიცდა

კოალიციურმა მთავრობამ მხოლოდ რამდენიმე თვეს იმოქმედა, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი ბოლო ვადამდე, 23 დეკემბრამდე, ვერ დაამტკიცეს და კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, რომელიც 23 მარტს ჩატარდა. ნეთანიაჰუმ და განცმა კოალიციის დაშლა შეთანხმების პირობების დარღვევის გამო ერთმანეთს დააბრალეს. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების ჩავარდნა და კიდევ ერთი არჩევნების დანიშვნა ბეინიამინ ნეთანიაჰუსთვის ამჟამად პრემიერმინისტრის პოსტზე დარჩენის ერთადერთი გამოსავალი იყო. მას, კოალიციური მთავრობის შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში პოსტის განცისთვის დათმობა უწევდა. 

ამჟამად, არჩევნების პარალელურად, ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმის განხილვა მიმდინარეობს. ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

სასამართლო პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არ არის, პოსტი დატოვოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნეთანიაჰუს, მაქსიმუმ, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავედ ცნეს, ნეთანიაჰუ ვალდებული არ იქნება, პოსტი დატოვოს, სანამ განაჩენს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, რასაც შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს.

კომენტარები