ნამახვანჰესი

ბარიკადების აღება და პოლიციის გაყვანა პარასკევამდე – ნამახვანჰესზე მედიატორთან შეხვედრა

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს ჩართულობით გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების შორის. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხვედრაზე მოლაპარაკების შინაარსზე არ უსაუბრიათ, მათ ის პირობები განიხილეს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის მედიაცია დაიწყება. 

"აქ ვიმყოფებოდით იმისთვის, რომ მხარეებს პოზიციები დაგვეფიქსირებინა – რა შემთხვევაში დაიწყებოდა მედიაცია. იცით, რომ ამისთვის გვქონდა პირობები განსაზღვრული. 2 პირობა გვქონდა, ის, რომ აღებულიყო ბარიკადები, გასულიყო პოლიცია და შეწყვეტილიყო სამუშაოები. 

ამ პირობების ნაწილი შეთანხმდა, ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას ძირითად ადგილზე, სადაც იყო ნამახვანში აქამდე. [...] შევთანხმდით, რომ, თუკი ეს პირობები, რომლებიც დადგა, შესრულდება შემდეგ პარასკევამდე [18 ივნისამდე], ბუნებრივია, შესრულების შემთხვევაში, ჩვენ ისევ შევიკრიბებით და დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი". – თქვა გოლეთიანმა. 

ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დაკავებულ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო პროკურატურას მოწოდებით მიმართავს, რომ აქტივისტები გათავისუფლდნენ. 

დირკ ბუშლეს თქმით, მხარეებთან საუბრისას 3 ძირითადი საკითხი გამოიკვეთა. პირველი, არსებობის შემთხვევაში, პროექტის რისკების გამოვლენა და მათი პრევენცია იყო. მეორე იყო რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, ხოლო მესამე - საქართველოს სამომავლო ენერგოუსაფრთხოების დოკუმენტის შემუშავება. 


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისშიც.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

2 ივნისს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა იმ კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა არის შეფასებული.

კომენტარები