ავღანეთი

ავღანეთის ოფიციალური პირები: 34 პროვინციიდან 26-ში შეტაკებებია, დაშავებულთა რიცხვი დიდია

ავღანეთში, უცხოელი სამხედროების გაყვანის პარალელურად, სამთავრობო ძალებზე თალიბანის თავდასხმები უფრო და უფრო იზრდება. Reuters-ის ცნობით, მთავრობის პირთა თქმით, 7 ივნისს, ბოლო 24 საათის განმავლობაში მინიმუმ 150 სამხედრო გარდაიცვალა ან დაიჭრა.

ანონიმურობის შენარჩუნების მსურველი ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნის 34 პროვინციიდან 26-ში შეტაკებები მიმდინარეობს. ერთ-ერთმა მათგანმა დაამატა, რომ დაშავებულთა რიცხვი შოკისმომგვრელია. 

ავღანეთის მთავრობის თქმით, ტერიტორიების კონტროლისთვის შეტაკებები აშშ-ს ჯარების გაყვანის პარალელურად იზრდება. ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა 2021 წლის 11 სექტემბრამდე სრულად უნდა დატოვონ. 

7 ივნისს თალიბანმა ღურის პროვინციის ცენტრალური უბანი, შაჰრაკი დაიკავა. დიდი შეტაკებების შემდეგ სამთავრობო ძალები შაჰრაკის ახლომდებარე სოფლებში გამაგრდნენ და კონტრშეტევისთვის ემზადებიან. 

"მალე უსაფრთხოების ძალების მიერ [უბანის ცენტრის] დასაბრუნებლად ოპერაცია დაიწყება". – ამბობს ღურის მმართველი. 

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თალიბანმა ხელში ჩაიგდო სამთავრობო ძალების იარაღის საწყობები. 

ბალხის პროვინციაში პოლიციის შტაბ-ბინასთან მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

ამავე დღეს თალიბანის ძალები თავს დაესხნენ ჩრდილო ფარიაბის პროვინციაში მდებარე ქაისარის უბანს.  ადგილობრივი პოლიციის თქმით, თალიბებმა რამდენიმე ათეული სამხედრო მოკლეს ან დააშავეს. 

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, სამთავრობო ძალებმა ვარდაკის პროვინციის სტრატეგიულ წერტილზე, ნერხის უბანზე შეტევა წამოიწყეს, რათა მასზე კონტროლი აღადგინონ. 

ავღანეთს მალე დატოვებს აშშ-ს საჰაერო ძალებიც, რაც დიდი ხნის მანძილზე ზურგს უმყარებდა ადგილობრივ უსაფრთხოების დანაყოფებს. 

კომენტარები