მე-10 მოწვევის პარლამენტი

დეკანოიძე: სამწუხაროა, შეშინებული პოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტი ჩაიხსნა მოსმენიდან 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ენმ-ის პარლამენტში მისვლის შემდეგ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტი მოსმენიდან ჩაიხსნა. 

"განცხადებას გააკეთებს ნიკა მელია, გამოვიყენებთ ფრაქციის დროს. სამწუხაროა, რომ შეშინებული პოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტი ჩაიხსნა მოსმენიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებდით ძალიან სერიოზულ განხილვებში მონაწილეობას ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც იმსახურებს შეშფოთებას არამხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის". – თქვა დეკანოიძემ

ქართულმა ოცნებამ  19-21 ივნისის საქმეების ამნისტიის შესახებ კანონის პლენარულ სხდომაზე განხილვა გადადო ნაციონალური მოძრაობის არყოფნის გამო. ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმჯობესია, რომ ამნისტიის განხილვას ესწრებოდნენ ენმ-ს წარმომადგენლები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში მივიდნენ. პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. თუმცა ენმ ხელს არ აწერს ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტს. 


პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

კანონპროექტის ამ ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება იმათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს – წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა. 

პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

19-21 ივნისს დაზარალებულებმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთიანი განცხადება გაავრცელეს. ისინი არ ეთანხმებიან და გმობენ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციური პარტიების კანონპროექტს.

კომენტარები