პოლიტიკური კრიზისი

"ენმ-ს გარეშე ამნისტიის განხილვა სწორი არაა" – ოცნებამ ამნისტიის კანონის განხილვა გადადო

ქართულმა ოცნებამ 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიის შესახებ კანონის პლენარულ სხდომაზე განხილვა გადადო ნაციონალური მოძრაობის არყოფნის გამო. ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმჯობესია, რომ ამნისტიის განხილვას ესწრებოდნენ ენმ-ს წარმომადგენლები.

"ჩვენ დღეს ამნისტია უნდა გავიაროთ ძალიან მალე, მე ვფიქრობ, რომ მათაც უნდა დაველოდოთ. მანამდე, გვქონდა დანარჩენ ოპოზიციასთან საუბარი გარკვეულ დეტალებზე, იქნებ შევთანხმებულიყავით, თუმცა ეს შეთანხმება სამწუხაროდ, ვერ შედგა. ჩვენ, ჩვენი მყარი პოზიცია და არგუმენტები გვაქვს ამაზე. 

მაგრამ არგუმენტს, რომ თავი დავანებოთ იმ ხალხის გარეშე, რომლის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს, ფორმალურ თავმჯდომარეს ეხება ამნისტია, მათი მონაწილეების გარეშე არ მგონია, რომ სწორი იყოს. დაველოდოთ, გადავდოთ დღეს ამნისტიის საკითხი". –ამბობს მდინარაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ თქვა


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების ნაწილია, თუმცა ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებდა. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას თანხმობით ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციები უნდა გაემართათ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა. 

კომენტარები