ქართული ოცნება

გახარია: მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო

"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო..." – წერს ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტიის საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია საკუთარ Facebook გვერდზე, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ.

"სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!"– წერს გიორგი გახარია.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 7 ივნისს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გიორგი გახარიასთან თანამშრომლობა ივანიშვილისთვის მიუღებელი იქნებოდა და გახარიას მიერ პარტიის და თანამდებობის დატოვება გუნდის და სახელმწიფოს ღალატია.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება სრულად იხილეთ აქ.


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად და გუნდში ამასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა.

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ". 29 მაისს გიორგი გახარიამ ახალი პარტია, საქართველოსთვის წარადგინა. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელისა და პრემიერის გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. 

კომენტარები