ნინოწმინდის პანსიონი

ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები 24-საათიან რეჟიმში დარჩებიან

ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები 24-საათიან რეჟიმში დარჩებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს. სოციალურ მუშაკებთან ერთად შეთანხმებას ესწრებოდნენ მეუფე ნიკოლოზი და ქართული ოცნების წარმომადგენლებიც, შალვა პაპუაშვილი და  ბექა დავითულიანი.

"ამ ეტაპზე რამე დასკვნის გაკეთების ან კონკრეტული აზრის თქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეუძლებელია. ადგილზე  ვრჩებითგვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ“. - ამბობს ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი.

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, სოცმუშაკები შესაბამის დასკვნას მოამზადებენ, რომლის მიხედვითაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"სოცმუშაკები აქ იქნებიან დღისით და ღამით. მოამზადებენ შესაბამის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მიიღება გადაწყვეტილება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს შიგნით მოეხსნებათ სტრესული გარემო. სოციალური მუშაკების შიგნით მუშაობა ამ გარემოებას ჩააცხრობს. ჩვენც ვიქნებით მშვიდად, ბავშვებიც იქნებიან მშვიდად, ადმინისტრაციაც იქნება მშვიდად, როცა ეცოდინებათ, რომ შიგნით არიან კვალიფიციური სპეციალისტები და ბავშვების აღზრდას დააკვირდებიან. დანარჩენი არის შემდეგი ეტაპის გადაწყვეტილება და ეს შემდეგი ეტაპები ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდება". - ამბობს ბექა დავითულიანი

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. ასევე, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები