ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

3 მაისს პროკურატურასთან დაკავებული 4 აქტივისტი გაათავისუფლეს – პროცესი 29 ივნისამდე გადაიდო

სირცხვილია

3 მაისს პროკურატურასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 4 აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი, პაატა ხარატიშვილი, ტიტე გედენიძე და ბექა პაპაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესი 29 ივნისამდე გადაიდო. აქტივისტები გენერალური პროკურატურის შენობასთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდნენ.

"გუშინ რაც ხდებოდა, იყო ის, რომ გოგა მემანიშვილს პირადად ვეკითხებოდი, თუ რაში მდგომარეობს მისი კანონიერი მოთხოვნა, რომელზე დაუმორჩილებლობასაც ახლა მედავებიან. რატომ აკავებდა ჩემს მეგობრებს, უსაფუძვლოდ, ახსნა-განმარტების გარეშე ცხოველურად. [...] 29 ივნისამდე გადადეს სასამართლო პროცესი". – თქვა ერთ-ერთმა დაკავებულმა აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმა.

პროკურატურის შენობასთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენობაში შესვლა სცადეს. ისინი პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. სამართალდამცველებმა ისინი უწყებაში არ შეუშვეს. 

"დაიხუროს ჯოჯოხეთი", "სად არიან ბავშვები", "ანაფორა პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებს" – ამ და მსგავსი ბანერებით აქტივისტები და მოქალაქეები შეკრებილები იყვნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის გასაპროტესტებლად. 


სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ისინი უკვე გადაიყვანეს სხვა ზრუნვის ფორმაში. ასევე, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები