ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

გამოძიებისას განარიდონ სავარაუდო დამნაშავეები და დაზარალებულები – Amnesty International ნინოწმინდაზე

Ombudsman

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელაორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს მოვალეობას ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად. Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს, ასევე აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში არსებულ გარემოს უნდა მოცილდნენ სავარაუდო დამნაშავეები და დაზარალებულები. 

"ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის უსაფრთხოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში სასტიკი მოპყრობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის ბრალდებების ფონზე. ყველა ბრალდება საფუძვლიანად უნდა იყოს გამოკვლეული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად. გამოძიების განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სავარაუდო დამნაშავეების ან დაზარალებულთა დაუყოვნებლივი განრიდება არსებული გარემოდან". –ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ბავშვების დასაცავად, მათ შორის, ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ტრავმებისგან ან სასტიკი მოპყრობისგან, ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დასაცავად.

Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: 

  • უზრუნველყოს სასტიკი მოპყრობის ყველა ბრალდების სწრაფი, ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა;
  • უზრუნველყოს შესაბამისი დაცვა და დახმარება ყველა სავარაუდო მსხვერპლის და დანაშაულის მოწმე ბავშვის მიმართ, მათ შორის ფსიქოლოგიურიც;
  • დაადგინოს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების ზუსტი რაოდენობა და გამოიძიოს ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში ბავშვების მიღება და გარიცხვა ხდებოდა პასუხისმგებელი სახელმწიფო სააგენტოების მიმართ შეტყობინების გარეშე;
  • ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად, გაითვალისწინოს მათი საუკეთესო ინტერესები ბავშვებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. უზრუნველყოს ყველა ბავშვის პირადი ცხოვრების, საოჯახო გარემოს, განათლების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური უფლებების დაცვა, განსაკუთრებით გამოძიების პროცესში. 
  • უზრუნველყოს მოწმეების დაცვა, მათ შორის, ბავშვების, რათა მათ მიმართ მუქარისა და შევიწროების ყველა შემთხვევა ეფექტიანად იქნას გამოძიებული;
  • შეასრულოს გაეროს კომიტეტის დროებითი გადაწყვეტილება და უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ჰქონდეთ წვდომა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონზე;
  • გამოიძიოს და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სახალხო დამცველის აპარატის და აღნიშნულ საქმეზე მომუშავე ადგილობრივი უფლებადამცველების მიმართ შევიწროებისა და მუქარის ფაქტებზე;
  • უზრუნველყოს უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო, რომელშიც შესაძლებელია ადამიანის უფლებების დაცვა დასჯის, ანგარიშსწორებისა ან დაშინების შიშის გარეშე.

28 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა. 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა პანსიონის ყოფილი დირექტორის, სხალთის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

14 ივნისს ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ, 17 ივნისს, მას სახალხო დამცველი შეხვდა. ნინო ლომჯარიამ მაშინ თქვა, რომ მეუფე იაკობთან ბევრ საკითხზე იყო თანხმობა და "მომავალ კვირას" ერთად ჩავიდოდნენ პანსიონში.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფმა საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას.  ორგანიზაცია ასევე გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები