ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

დეკანოზი ანდრია: ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება

საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.  ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის და  საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ თქვა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. 

ჯაღმაიძის თქმით, სახლები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენდება. 

"საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია, ბავშვები უპირველესად უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები. სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ამაში მონაწილეობას მიიღებენ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასე რომ შემდგომში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები". – ამბობს დეკანოზი. 

ჯაღმაიძის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, UNICEF-ისა და WORLD VISION-ის წარმომადგენლები.  

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის დროს  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული პრობლემები განიხილეს, "რათა განმეორება არ მოხდეს". 

28 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა. 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა პანსიონის ყოფილი დირექტორის, სხალთის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

14 ივნისს ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ, 17 ივნისს, მას სახალხო დამცველი შეხვდა. ნინო ლომჯარიამ მაშინ თქვა, რომ მეუფე იაკობთან ბევრ საკითხზე იყო თანხმობა და "მომავალ კვირას" ერთად ჩავიდოდნენ პანსიონში.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფმა საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას.  ორგანიზაცია ასევე გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

კომენტარები