ნინოწმინდის პანსიონი

სარჯველაძე: პანსიონში ჯანდაცვის უწყებას ყველა ბერკეტი აქვს, ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ

საქართველოს პარლამენტი

"ამჟამად, იქ, ნინოწმინდის პანსიონში, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი, სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ არც ერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება" - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი აზრით, ნერვიულობის ყველა მიზეზი აღმოფხვრილია.

"ეს საკითხი განსაკუთრებული ინტერესის და ყურადღების საგანი გახდა საზოგადოებისთვის, რაც ნორმალური პროცესია იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველს და მის აპარატს ხელი ეშლებოდათ საკუთარი მანდატის განხორციელებაში, ვფიქრობთ, ეს პრობლემა უახლოეს დღეებში გადაწყდება, მათ შორის სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ითქვას - ამჟამად, იქ პანსიონში, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი, სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ არცერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ეს ყველანაირი მიზეზი ნერვიულობისა აღმოფხვრილია,

იქ რეალურად ამჟამად ეს მდგომარეობა არის, ეს არის ამჟამად ამ დროისთვის მუშაობის შედეგი, ბუნებრივია, ეს არ იქნება საბოლოო წერტილი, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ რეალურად განხორციელდეს, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის რეალური მექანიზმების რეალური მუშაობა, ეს არის ამ წუთისთვის ეს მდგომარეობა, კომიტეტიც იქნება ჩართული ამ საკითხების გადაჭრაში" - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ.

2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები