დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანი: ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ 40 სომეხ სამხედროს უკანდახევა ვაიძულეთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 1-ელ ივნისს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალბაჯარის რეგიონში შესულ სომხეთის შეიარაღებული ძალების 40 სამხედროს უკანდახევა აიძულეს. ბრალდებას უარყოფს სომხეთის მხარე. 

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებელი ქმედებების შედეგად, სომხეთის ძალები ჩვენი ტერიტორიებიდან გავიდნენ. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს სომხეთის ძალების გაძევების დროს იარაღი არ გამოუყენებიათ". – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

სომხეთის მხარის თქმით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას ავრცელებს.

"მსგავს დეზინფორმაციას აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკური მეთაურობა იმისთვის ავრცელებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეაშფოთოს". – აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

ქალბაჯარის რეგიონი სომხეთის გეღარქუნიქის რეგიონს ესაზღვრება, სადაც რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანელი სამხედროები რამდენიმე მეტრის სიღრმეზე შევიდნენ. 

გასულ თვეში ორივე მხარე საზღვრებზე სამხედროების გადაკვეთაში ადანაშაულებდა ერთმანეთს.


12 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. სევის ტბის მიდამოებში ერთმანეთისგან მცირე მანძილის დაშორებით იმყოფებიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა,  ეს პრობლემა მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

"ჩვენი პრიორიტეტი ამ საკითხის მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით გადაჭრაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია". – თქვა ფაშინიანმა.

13 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა შედის და მისი მთავარი ოფისი მოსკოვშია. 

14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სხვა რეგიონშიც გადაკვეთეს საზღვრები და გეღარქუნიქის თავისუფალ ზონაში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე შევიდნენ.

ასევე 14 მაისს სიუნიქის რეგიონის მოვლენებთან დაკავშირებით საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის. ამავე დღეს, ფაშინიანმა პუტინს სამხედრო დახმარების წერილით მიმართა.

17 მაისს შედგა სატელეფონო საუბარი თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებს შორის, ორი ქვეყნის საზღვარზე არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით. სალივანმა მხარეებს საზღვრების დემარკაციისკენ მოუწოდა.

სომხეთ-აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაში დახმარება რუსულმა მხარემ შესთავაზა. "მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციამ [მათ] შესთავაზა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დაწყებასა და ჩატარებაში დახმარება". – თქვა რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ამჟამად სიუნიქის რეგიონში ზოგიერთ გზას რუსი სამხედროები აკონტროლებენ. 

26 მაისს აზერბაიჯანმა სომხეთის ძალები საკუთარი სამხედროების მიმართ 24-26 მაისს საზღვართან ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

საპირისპირო ინფორმაცია თქვა სომხურმა მხარემ. მათი მიხედვით, 25 მაისს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკვეთეს სომხური საზღვარი და გეღარქუნიქის რეგიონში შევიდნენ, სადაც ვერინ-შორჟას სოფელში სომეხ სამხედროებთან დაპირისპირების შემდეგ, ცეცხლი გახსნეს. სომხეთის სასაზღვრო დაზვერვის ცნობით, სროლას ერთი სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

26 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი ნახიჩევანის რეგიონისკენ კორიდორის გაყვანას ძალით ცდილობდნენ.

27 მაისის დილით აზერბაიჯანულმა ძალებმა 6 სომეხი სამხედრო ალყაში მოაქციეს და დააკავეს

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

 "სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ორი გამაგრებული პუნქტი დაფუძნდა. ეს არის დამატებითი უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ სიუნიქის რეგიონის, არამედ მთელი სომხეთისთვის". – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ასევე, აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

"ზანგეზურის კორიდორის შექმნა ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს სრულად უპასუხებს. ჩვენ შევქმნით ზანგეზურის კორიდორს, სურს ეს სომხეთს თუ არა. თუ მოისურვებს, მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ მოისურვებს – ძალით გადავწყვეტთ. ისე, როგორც ომამდე ვამბობდი, რომ საკუთარი კეთილი ნებით უნდა დაეტოვებინათ ჩვენი მიწები ან ძალით გავყრიდით. ასეც მოხდა. ზანგეზურის ბედიც ასე გადაწყდება". – თქვა ილჰამ ალიევმა.

2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანმა ყარაბაღში კონტროლი აღადგინა რამდენიმე რეგიონზე. სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით შედგა. ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, სიტუაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უშუალოდ მათ საზღვრებზე დაიძაბა.

კომენტარები