ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

ლომჯარია: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები რომ არ დარჩნენ, სასამართლოებში დავას დავიწყებთ

ნინო ლომჯარია
რუსთავი 2

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან არასრულწლოვანების გამოსაყვანად ყველანაირ სამართლებრივ და პოლიტიკურ გზებს გამოიყენებს და სასამართლოებში დავას დაიწყებს. 

"ჩვენ იმისათვის, რომ ბავშვები თავშესაფარში არ დარჩნენ, ვეცდებით გამოვიყენოთ სამართლებრივი თუ პოლიტიკური გზები. ამას, პირველ რიგში, გავაკეთებთ ადგილობრივ სასამართლოებში დავით, რომელიც დაწყებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში. საქმე აპელაციის სასამართლოშია, საიდანაც მოგვივიდა თხოვნა, რომ ჩვენი მოსაზრება წარვადგინოთ ამ საქმეზე. 

ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვიყოთ მოსარჩელე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ვიქნებით მესამე მხარე. მივმართეთ გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტს წერილით, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთოს და შევძლოთ გაეროს წინაშე ჩვენი ინფორმაცია წარვადგინოთ". – ამბობს ომბუდსმენი რუსთავი 2-ის ეთერში

მისივე თქმით, პანსიონში 8 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ირიცხება და მონიტორინგი ძალიან საჩქაროდ უნდა განხორციელდეს და შემოწმდეს  რამდენად ადაპტირებული გარემოა მათთვის. 


გუშინ, 1-ელ ივნისს ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ პანსიონთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებები მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებს არ ეხება  და ასაუბარი უფრო მძიმე დანაშაულებზეც არის. 

დღეს, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც არის დაწყებული.

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები