ისრაელი

იამინას მემარჯვენეთა პარტია ოპოზიციას უერთდება, ნეთანიაჰუს კოალიცია უმცირესობაშია

ნაფტალი ბენეტი (მარცხნივ) და ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარჯვნივ)

The Times of Israel-ის ცნობით, იამინას ულტრანაციონალისტთა პარტიის ლიდერმა, ნაფტალი ბენეტმა იეშ ატიდის ლიდერ იაირ ლაპიდთან გაერთიანება გადაწყვიტა.

ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა ბენეტი ამომრჩეველთა ღალატში დაადანაშაულა და თქვეს, რომ ის პრემიერმინისტრის პოსტის დასაკავებლად ყველაფერზეა წამსვლელი.

ოპოზიციური კოალიციის ლიდერს, იაირ ლაპიდს მთავრობის ფორმირების ბოლო ვადა ისრაელის პრეზიდენტისგან 2 ივნისამდე აქვს მიცემული.

ოპოზიციურ კოალიციას, ნაფტალი ბენეტთან ერთად, ქნესეთის 120 ადგილიდან 61 ექნებათ, რაც მათ უმრავლესობაში მოიყვანს და პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს 2009 წლიდან მოყოლებულ მმართველობას დაასრულებს. 

თუმცა, მთავრობის ფორმირება ჯერ ქნესეთმა უნდა დაამტკიცოს და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

"არჩევნებმა აჩვენა, რომ ნეთანიაჰუს მმართველობის ქვეშ მემარჯვენეთა მთავრობა ვერ იკვრება. ახლა ან ერთობა უნდა ავირჩიოთ, ან მეხუთე არჩევნები დაინიშნება". – თქვა ნაფტალი ბენეტმა და ასევე დაამატა, რომ კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება ქვეყანაზე ცუდად იმოქმედებს. 

ოპოზიციურ კოალიციაში აქამდე მხოლოდ მემარცხენე და ცენტრისტული პარტიები იყვნენ. ბენეტი კოალიციაში შესვლით ისრაელის მოქალაქეებს მემარჯვენეული მისწრაფებების მთავრობის ფორმირებას ჰპირდება. 

ისრაელში, ბოლო 2 წელიწადში 4 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და შედეგებით ქნესეთის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთ არჩევნებში ვერავინ შეძლო.  4 აპრილს ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის მიცემული მთავრობის ფორმირების ვადა ამოიწურა. პრემიერი 28 დღის მანძილზე კოალიციის გაზრდას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

ნეთანიაჰუსთვის სიტუაციას ართულებდა ის ფაქტი, რომ ამჟამად მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას კორუფციაში ედება ბრალი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივადაა პრემიერის პოსტზე. ის ამ თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს და ამას გარდა 1990-იან წლებში 3 წლით ეკავა. 

კომენტარები