ისრაელი

ნეთანიაჰუმ მიცემულ ვადაში მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

ბენიამინ ნეთანიაჰუ

მას შემდეგ, რაც ისრაელის 23 მარტის არჩევნების შედეგად ქნესეთის უმრავლესობისთვის საჭირო ხმები ვერც ერთმა კოალიციამ ვერ მოიპოვა, ისრაელის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28-დღიანი ვადა მისცა. 

ბოლო ვადა ოთხშაბათს, 4 აპრილს ამოიწურა, ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო. პრემიერი 28 დღის მანძილზე კოალიციის გაზრდას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

ახლა პრეზიდენტ რუვენ რივლინს შეუძლია, მთავრობის ფორმირება ქნესეთის სხვა წევრს სთხოვოს. ვარაუდობენ, რომ შემდეგი, ვინც მთავრობის ფორმირების დავალებას მიიღებს, იაირ ლაპიდი, ცენტრისტული პარტია იეშ ატიდის ლიდერი იქნება. მისმა პარტიამ არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტიის შემდეგ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

თუკი ახალი კანდიდატიც ვერ შეძლებს დავალების შესრულებას, იგი ქნესეთს სთხოვს ახალი კანდიდატის არჩევას. თუკი მას ვერ აირჩევენ, მორიგი არჩევნების დანიშვნა გახდება საჭირო, რაც ბოლო ორ წელში რიგით მეხუთე იქნება. 

სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ ამჟამად პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას კორუფციაში ედება ბრალი. 

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივადაა პრემიერის პოსტზე. ის ამ თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს და ამას გარდა 1990-იან წლებში 3 წლით ეკავა. 

კომენტარები