ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საელჩოები ენმ-ზე: პარლამენტში შესვლა პოზიტიურია, ვწუხვართ, რომ დოკუმენტს ხელს არ აწერენ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ს საელჩოს ერთობლივი განცხადება ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ:

"დღეს, საქართველოში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გამოაცხადა, რომ მისი პარტიიდან არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში შევლენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მინიჭებულ მანდატებს. ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ.

თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება. ამ შეთანხმების ხელმოწერით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერების, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის".


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ თქვა


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების ნაწილია, თუმცა ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებდა. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას თანხმობით ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციები უნდა გაემართათ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

 

კომენტარები