ბრაზილია

ბრაზილიაში ათასობით ადამიანი COVID-19-ის კრიზის არაეფექტიან მართვას აპროტესტებს

ბრაზლიის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობა ჟაირ ბოლსონაროს მთავრობის მიერ Covid-19-ის კრიზისი არაეფექტურ მართვას აპროტესტებს.

დედაქალაქ ბრაზილიაში ათასობით ადამიანი კონგრესის შენობის წინ შეიკრიბა და პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და ქვეყანაში კორონავირუსის მეტი ვაქცინის შემოტანას ითხოვდა.

აქციები გაიმართა ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის რიო დე ჟანეიროში.

რთული ეპიდვითარების ფონზე ჟაირ ბოლსონაროს რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა.

დედაქალაქში დემონსტრანტებმა აქციაზე პრეზიდენტის გიგანტური თოჯინა მიიტანეს. დემონსტრანტები ბოლსონაროს იმპიჩმენტს, ქვეყანაში მეტი ვაქცინის შემოტანას და საგანგებო ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას ითხოვდნენ. პროტესტის დროს ისმოდა მკვიდრი, აბორიგენი მოსახლეობის უფლებების უკეთესად დაცვისა და ამაზონის ტყის გაჩეხვის შეწყვეტის მოთხოვნებიც.

ქალაქ რეციფში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პროტესტის პარალელურად, ბრაზილიის სენატი, პანდემიის მართვის მიზნით, ბოლოსნაროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ვაქცინაციის ნელ პროცესს იძიებს.

27 მაისს ბრაზილიის პრესტიჟული ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის ბუტანტანის თავმჯდომარემ, დიმას კოვასმა სენატის წინაშე თქვა, რომ პრეზიდენტ ბოლსონაროს მოქმედებებმა შეანელა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყება.

კოვასის აზრით, გასული წლის აგვისტოში ბიტანტანის ინსტიტუტმა მთავრობას 100 მილიონი დოზა CoronaVac-ის ვაქცინის მიწოდება შესთავაზა, რომელსაც ინსტიტუტი ჩინური Sinovac-ის ლიცენზიით აწარმოებს. კოვასის თქმით, შეთანხმების ფარგლებში იდებოდა პირობა, რომ პირველ 5 მილიონ დოზას ბრაზილია 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღებდა.

თუმცა, როგორც დიმას კოვასი ამბობს, ინსტიტუტის შემოთავაზების მეორე დღეს ბოლსონარომ გამოაცხადა, რომ მისი მთავრობა ჩინურ ვაქცინას არასოდეს იყიდდა.

"შეგვეძლო მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვყოფილიყავით, რომელიც ვაქცინაციას დაიწყებდა". – უთხრა დიმას კოვასმა სენატს.

ინსტიტუტის თავმჯდომარის თანახმად, შემოთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში ინსტიტუტი შეძლებდა 2021 წლის 30 მარტამდე 100 მილიონი დოზით ქვეყნის უზრუნველყოფას. 

 

ამ დროისთვის ბრაზილიამ მთლიანობაში ვაქცინის 46 მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაცია ძირითადად ჩინური ვაქცინით მიმდინარეობს. ქვეყანაში ამ დროისთვის ორივე დოზით ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია აცრილი.

სენატის გამოძიების ფარგლებში, ლათინური ამერიკისთვის Pfizer-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კარლოს მურილომ სენატის წინაშე თქვა, რომ ბოლსონაროს მთავრობას პასუხი არ გაუცია კომპანიის შემოთავაზებაზე, რომლის ფარგლებშიც გასულ დეკემბერს ბრაზილიას შეეძლო Pfizer-ის ვაქცინის 1.5 მილიონი დოზა მიეღო.

პანდემიის დაწყების შემდეგ ბრაზილიაში კორონავირუსით 460 000 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ს შემდეგ ეს ყველა მაღალი მაჩვენებელია.

ოპოზიციური პარტიები, პროფკავშირები, სამოქალაქო მოძრაობები ბოლსონაროს ვაქცინაციის შეფერხებაში და საკუთარი ქმედებების შედეგების უგულვებელყოფაში ადანაშაულებენ. კორონავირუსის შემთხვევების დიდმა რაოდენობამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირას მიიყვანა.

ჟაირ ბოლსონარო პანდემიის დაწყების შემდეგ აქტიურად ეწინააღმდეგება მკაცრ შეზღუდვებს მათგან გამოწვეული მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის გამო. ბოლსონაროს თანახმად, ქვეყნისთვის ეკონომიკური ზიანის ეფექტი კორონავირუსზე უარესი იქნება.

კომენტარები