გახარიას გუნდი

გახარია თბილისის მერობაზე: ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს

ტაბულა

"ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს". – ასე უპასუხა ექსპრემიერმა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობაზე კენჭისყრის შესახებ. 

"​ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზანი არის, არჩევნებზე მოიპოვოს ამომრჩევლების მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს იქნება ჩვენი მიზანი. [...] სხვებსაც დავუჭერთ, ვინც ღირსეული იქნება". – თქვა გიორგი გახარიამ. 

29 მაისს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას 400-მდე დამფუძნებელი და სტუმარი დაესწრო. პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ წარადგინა პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად.

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ".

გიორგი გახარიას შეუერთდა ქართული ოცნების ყოფილი 6 დეპუტატი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე.

კომენტარები