გახარიას გუნდი

აქტივისტები: გახარიას პარტიის პრეზენტაციისას აქციაზე დაცვის თანამშრომლები თავს დაგვესხნენ

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ტერიტორიის კერძო დაცვასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტების თქმით, დაცვის თანამშრომლები მათ თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე უკვე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. 

"გვაქვს ვიდეო, ბექა პაპაშვილს როგორ დაესხნენ თავს და არის დასისხლიანებული. ესენი არიან კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები, მსგავსი შემთხვევების დროს ისინი ვალდებულნი არიან, ჩააყენონ სამართალდამცავი უწყებები საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ხედავთ, თვითნებობენ. ეს არის გახარიას ბუნება, რომ ნებისმიერი მსგავსი ქმედება ძალისმიერი ქმედებით ჩაახშოს. დავრეკეთ პოლიციაში, იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოვლენ, ყველაფერი გადავეცით, ყველაფერი მოუყვა ჩვენმა მეგობარმა, მტკიცებულებებს აქვე გავაცნობთ". – თქვა მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ. 

ექსპო ჯორჯიაში ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის პრეზენტაცია იმართება. ღონისძიება 400-მდე დამფუძნებელი და სტუმარი ესწრება. ადგილზე უკვე იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი, ვეტერანი ფეხბურთელები, არჩილ და რევაზ არველაძეები და სხვა მხარდამჭერები.


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად.

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ".

გიორგი გახარიას შეუერთდა ქართული ოცნების ყოფილი 6 დეპუტატი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე.

კომენტარები