გახარიას გუნდი

გახარიას გუნდის წევრი: მონაწილეობას მივიღებთ ყველა პროცესში, მათ შორის, არჩევნებში

ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ ჩამოყალიბებული პარტიის, საქართველოსთვის წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის არჩევნებშიც. ბუჩუკურმა კომენტარი პარტიის პრეზენტაციის დაწყებამდე გააკეთა. 

"ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, რა თქმა უნდა, არჩევნებში. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული.

გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეიტინგი გაიზომება არჩევნებზე. რეიტინგებს ზოგადად ზომავს ამომრჩეველი". – თქვა ანა ბუჩუკურმა 

გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის პრეზენტაცია დღეს, 29 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ღონისძიება 400-მდე დამფუძნებელი და სტუმარი დაესწრება. ადგილზე უკვე იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი, ვეტერანი ფეხბურთელები, არჩილ და რევაზ არველაძეები და სხვა მხარდამჭერები.


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად.

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ".

გიორგი გახარიას შეუერთდა ქართული ოცნების ყოფილი 6 დეპუტატი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე.

კომენტარები