რამან პრატასევიჩის დაკავება

ბელარუსული Telegram-არხის Nexta- ს თანადამფუძნებელი პოლონეთს თავისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს

სტეფან პუტილო
GAZETA.RU

ბელარუსული ოპოზიციური ტელეგრამ-არხის  NEXTA- ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, სტეპან პუტილო, პოლონეთის ხელისუფლებას თავისი და სააგენტოს სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს

ჟურნალისტის თქმით, ბოლო პერიოდში, რედაქციაში მუქარის შემცველი წერილები გახშირდა, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების უმეტესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს. 

"გვეუბნებიან, რომ რომან პროტასევიჩს უფრო მეტად გაუმართლა. ჩვენ აქ პირდაპირ დაგვხოცავენ და გადარჩენის შანსი არ გვაქვს. შიშში მუშაობას მივეჩვიეთ და ასე გავაგრძელებთ".- თქვა  პუტილომ და აღნიშნა, რომ ანონიმური მუქარების შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს. 


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რომან პროტასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

რომან პროტასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პროტასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პროტასევიჩს და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რომან პროტასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

 

კომენტარები