ნამახვანჰესი

გოლეთიანი: ვკეტავთ გზას კომპანიისთვის, მათი ტრანსპორტი ხეობაში ვეღარ გადაადგილდება

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუმათში, კომპანია "ენკას" შესასვლელთან გზა გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეები აპირებენ კომპანია ენკასთვის გზის ჩაკეტვას, რათა კომპანიის კუთვნილმა ტექნიკამ ხეობაში გადაადგილება ვერ შეძლოს.

"ჩვენ ახლა უშუალოდ გზას ვკეტავთ კომპანიისთვის, სპეცტექნიკა და ზოგადად მათი კუთვნილი ტრანსპორტი აქ ვეღარ გადაადგილდება, ამ ხეობაში ვეღარ შემოვლენ. ორივე მხრიდან, ანუ რაჭის მხრიდან შემოსასვლელი ლეჩხუმში გადაკეტილია, კონკრეტულად სოფელ ტვიშში დგას ერთი კარავი, სადაც ასევე ჩვენი თანამებრძოლები არიან და ხვალ კიდევ დაემატებიან მათ, უფრო მეტად რომ გაძლიერდეს იქ კარავი და აქაც, ახლა ჩვენ სადაც ვდგავართ, ხეობაში შემოსასვლელი ჩაიკეტება, კიდევ ერთხელ ვამბობ, უშუალოდ კომპანიისთვის.
ადგილობრივ მოსახლეობას და ზოგადად მსურველებს გადაადგილების, ადამიანებს ვგულისხმობ, უბრალო მოსახლეობას არ შეექმნება არავის პრობლემა ჩვენი მხრიდან". – თქვა გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ ხელისუფლების მხრიდან მათი დარბევის მცდელობას, თუმცა ასევე ამბობს, რომ დარბევის შემთხვევაში პროცესები ხელისუფლების სასარგებლოდ არ დასრულდება.

"ბოლოს იყო სწორედ, როდესაც აქ დაგვარბია სპეცდანიშნულების რაზმმა და არ გვიკვირს ეგ, 5-ჯერ დაგვარბია, რაც ვართ ზოგადად ხეობაში. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მათი პრეროგატივაა და მათი გადასადგმელი ნაბიჯია, სწორედ აი, ამ არასწორმა, სულელურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესების მიმართ, ხელისუფლებას ვგულისხმობ, მიიყვანა ეს პროცესი აქამდე. თუკი, კიდევ დაგვარბევს, არ მგონია მათ სასიკეთოდ დამთავრდეს საბოლოო ჯამში ეს პროცესი, ამიტომ, ჩვენ ვეცდებით მშვიდობიანად დავიცვათ კანონი და ჩვენი უფლება და დანარჩენი ახლა მათზეა". – ამბობს გოლეთიანი


ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში 23 მაისს ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს 4 დღის განმავლობაში მართავდნენ.

აქტივისტების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები