რამან პრატასევიჩის დაკავება

ლუკაშენკო: არაკეთილმოსურნეები ბელარუსის დახრჩობას ცდილობენ და ჰიბრიდულ ომზე გადავიდნენ

ალექსანდრ ლუკაშენკო
ფოტო: reuters.com

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობის სახლში პარლამენტარებთან შეხვედრის დროს მინსკში მომხდარი ინციდენტის გამო დასავლეთის მწვავე რეაქციის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არაკეთილმოსურნეები ბელარუსის "დახრჩობას" ცდილობენ და ისინი ინფორმაციული ბრძოლის ტაქტიკიდან ჰიბრიდულ ომზე გადავიდნენ. 

"როგორც მოველოდით, ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა ბელარუსის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს. მათ გადაკვეთეს მრავალი წითელი ხაზი, გადალახეს საღი აზრისა და ადამიანური მორალის საზღვრები. 

ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციული ომი, ეს თანამედროვე ჰიბრიდული ომია. აუცილებელია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცხელ ომში არ გადაიზარდოს.

ისინი [დასავლელები] ახალ სუსტ წერტილებს ეძებენ, სწორედ ამიტომ არეულობების ორგანიზებიდან დახრჩობის ტაქტიკაზე გადავიდნენ. 

მათი სამიზნე მხოლოდ ჩვენ არ ვართ. ბელარუსი ერთგვარი საცდელი ტერიტორიაა, სადაც ისინი ყველანაირ ტაქტიკას გამოცდიან, სანამ აღმოსავლეთის [რუსეთის] მიმართულებით გადაინაცვლებენ". – თქვა ლუკაშენკომ. 

ლუკაშენკოს აზრით, დასავლეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც მიზნად ბელარუსისა და შემდგომ რუსეთის "დახრჩობას" ისახავს მიზნად. 


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რამან პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

 

 

კომენტარები