რამან პრატასევიჩის დაკავება

ლუკაშენკოს ცნობით, შეტყობინება RYANAIR-ის რეისზე ბომბის შესახებ შვეიცარიიდან მიიღეს

ალექსანდერ ლუკაშენკო
LiveJournal

ალექსანდრ ლუკაშენკოს თანახმად, შეტყობინება Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შვეიცარიიდან მიიღეს. გამოცემა Belta-ს თანახმად, ამის შესახებ ლუკაშენკომ ბელარუსის მთავრობის სახლში პარლამენტარებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"როგორ უნდა მოვქცეულიყავით, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ არსებობს ჩვენი ობიექტების დანაღმვის მუქარების კასკადი? თქვენ ცხოვრობთ ბელარუსში და იცით, ყოველ დღე "ინაღმება" ხან სკოლები, ხან უნივერსიტეტები, ხან დაწესებულებები. თვითმფრინავებიც პოლონეთის, ლიტვის და ლატვიის IP-მისამართებიდან. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვრეაგირებთ ადეკვატურად მიღებულ ინფორმაციაზე". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თანახმად, შეტყობინება შვეიცარიიდან იყო გაგზავნილი და ის ერთდროულად მიიღო ათენმა, ვილნიუსმა და მინსკმა. 

"ჩვენ მივიტანეთ ეს ინფორმაცია თვითმფრინავის პილოტამდე, იძულებულები ვიყავით, გამოგვეყენებინა ის. ჰამასი იყო თუ არა, ამას დღეს მნიშვნელობას აქვს. ეკიპაჟს ჰქონდა დრო გადაწყვეტილების მიღებისთვის". – ამბობს ლუკაშენკო.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

​"ჩვენ არ მივმართავთ ასეთ მეთოდებს". – თქვა ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფაუზი ბარჰუმმა.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რამან პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები