ნამახვანჰესი

გოლეთიანი: თუ მთავრობა კითხვებზე პასუხს არ გაგვცემს, ENKA-ს ოფისის პიკეტირება მოგვიწევს

ვარლამ გოლეთიანი
ტაბულა

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუწოდებს, რომ გამოვიდეს და ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რიონის ხეობის მცველები კომპანია ენკას ოფისთან გადასვლასა და მისი შესასვლელის პიკეტირებას აანონსებენ.

"პირდაპირ მოვუწოდებთ ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომ არ გაიმეოროს მისი წინამორბედის შეცდომები, მოემზადოს, გამოვიდეს და ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც ნამახვანჰესის ირგვლივ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავალთ სოფელ ჟონეთში, კომპანია ენკას ძირითად ოფისთან და ისევ მოგვიწევს, რომ დავბლოკოთ მისი შესასვლელი. ჩვენ ვთვლით, რომ უამრავ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების თვალსაზრისით და ზოგადად, ხელშეკრულების დეტალებზეც". - თქვა ვარლამ გოლეთიანმა ბრიფინგზე.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ. კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს. საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ  ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა.

მიმდინარე წლის იანვარში, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუ კომპანია ენკა უფრო მოქნილი გახდება, კომუნიკაციაში შევა მოსახლეობასთან, გარემოსდაცვით საკითხებს სწორად უპასუხებს და დაბრუნება ენდომება, ამაზე მთავრობა ინვესტორთან ისაუბრებს. "თუ მოლაპარაკების შედეგად ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენც და ინვესტორსაც ურჩევნია, დავცილდეთ, ესეც გვინდა დავის გარეშე მოხდეს, ურთიერთმისაღები პირობებით". - თქვა თურნავამ.

2021 წლის დეკემბერში კი ნათია თურნავამ არ გამორიცხა, რომ კომპანია ენკას გასვლის შემთხვევაში ნამახვანჰესის პროექტი მომავალში სახელმწიფომ ან რომელიმე სხვა ინვესტორმა განახორციელოს. მან დიდი იმედი გამოთქვა, რომ პროექტის ირგვლივ გაჩენილი კითხვების გათვალისწინებით, ჰესი მაინც აშენდება.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით წარიმართებოდა, თუმცა  რიონის ხეობის მცველებმა საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესი დატოვეს.

კომენტარები