ნამახვანჰესი

თურნავა ENKA-ზე: თუ დავინახავთ, რომ მზადაა, უფრო მოქნილი გახდეს და სურს დაბრუნდეს, ვისაუბრებთ

მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება ჩვენი შემდგომი ურთიერთობები კომპანია ENKA-სთან, ან ნებისმიერ კონკრეტულ ინვესტორთან, მიუხედავად იმისა, შეასრულებს ეს ინვესტორი ვალდებულებებს, თუ ვერ შეასრულებს, შეძლებს თუ არა სწორი კომუნიკაციის აწყობას პროექტის ირგვლივ, თვითონ პროექტი არ უნდა დაზიანდეს. ჩვენ მზად ვართ, რომ გავყოთ ეს ორი საკითხი.

ინვესტორთან, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ არბიტრაჟის და დავის გარეშე, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, დავხუროთ ეს ფურცელი. თუ დავინახავთ, რომ ინვესტორი მზადაა, უფრო მოქნილი გახდეს, კომუნიკაციაში შევიდეს მოსახლეობასთან, გარემოსდაცვით საკითხებს სწორად უპასუხოს და სურვილი გააჩნია, რომ დაბრუნდეს, ამაზეც ვისაუბრებთ. თუ მოლაპარაკების შედეგად ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენც და ინვესტორსაც ურჩევნია, დავცილდეთ, ესეც გვინდა დავის გარეშე მოხდეს, ურთიერთმისაღები პირობებით. 

ნებისმიერ შემთხვევაში, სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები უნდა განვითარდეს და აი, ჩვენ გვაჩვენა ამ ნამახვანის პერიპეტიებმა, რომ ასეთ სტრატეგიულ პროექტებში, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ნდობას იწვევს ფაქტი, თუკი სახელმწიფო ლიდერია და სახელმწიფო უფრო მეტ გადამწყვეტ სიტყვას ამბობს.

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 2021 წელს ENKA Renewables-მა საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულება გაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება.

კომენტარები