რამან პრატასევიჩის დაკავება

ზახაროვა: შოკისმომგვრელია, რომ დასავლეთი ბელარუსში მომხდარს "შოკისმომგვრელს" უწოდებს

მარია ზახაროვა
The Times

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას შეფასებით, "შოკისმომგვრელია" დასავლეთის რეაქცია Ryainair-ის რეისის მინსკში იძულებით დასმასთან დაკავშირებით.

შოკისმომგვრელია, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარს "შოკისმომგვრელს" უწოდებს." – წერს ზახაროვა Facebook-გვერდზე.

"ან ყველაფერი შოკისმომგვრელი უნდა იყოს, დაწყებული ავსტრიაში აშშ-ს მოთხოვნით ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავის იძულებითი დაშვებით და უკრაინაში მაიდანის მოწინააღმდეგე აქტივისტის ბელარუსის რეისის აფრენიდან 11 წუთში იძულებითი დაშვებით, ან შოკისმომგვრელი არ უნდა იყოს სხვების ანალოგიური ქცევა.

ზახაროვა ასევე მიიჩნევს, რომ საინფორმაციო-პოლიტიკური კამპანიების გამოყენება აღარ ქმნის სათანადო ეფექტს და "ქსელს ყველა შემთხვევა ახსოვს"

"ქსელს ყველა შემთხვევა ახსოვს ძალადობრივი გატაცებების, იძულებითი დაშვებების, უკანონო დაკავების, რომლებიც "წესრიგის მცველებმა და მორალის გუშაგებმა" ჩაიდინეს". – წერს ზახაროვა.

23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის შეფასებით ჟურნალისტის დაკავება ოპოზიციური ხმის ჩახშობის უხეში მცდელობაა. გაერთიანება პრატასევიჩის გათავისუფლებას მოითხოვს. ევროკავშირი ინციდენტს და მასზე საპასუხო მოქმედებებს ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაგმო "ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედური და შემაშფოთებელ ქმედება". ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, "სახიფათო ინციდენტის" გამოძიებაა საჭირო.

შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოც. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანახმად,  ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია, მრავალი საერთაშორისო ნორმა დაირღვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის სახელის ხსენების გარეშე გამოეხმაურა.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რომან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები