ნამახვანჰესი

თაბაგარი აქციაზე: გუშინაც ქვიარ აქტივისტებს ბანერი ჩაადებინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციაზე LGBTQ აქტივისტებთან დაპირისპირებას ეხმაურება. თაბაგარი წერს, რომ ქვიარ აქტივისტებს გუშინაც, 23 მაისს ბანერი ჩაადებინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს პუტინისტური დაჯგუფების წევრებმა

"ზუკა ბერძენიშვილს და სალომე ბარკერს დაესხნენ თავს აქციაზე. გუშინაც ქვიარ აქტივისტებს ბანერი ჩაადებინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ფალავანდიშვილებმა და მისმა მხარდამჭერებმა.

ძალიან ცუდია ეს! ნამოხვანის აქციას ჭრელი ჯგუფები უჭერენ მხარს და სამწუხაროა, რომ ასეთი ველურები აზიანებენ ქოზს!" – წერს თაბაგარი.

ლგბტქ+ სამკლაურის გამო სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან პუტინისტური, ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა გამოაგდეს. 

სალომე ბარკერის თქმით, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მას უთხრა, რომ სიმბოლიკა მოეხსნა, რაზეც მან უარი თქვა, რასაც მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. 

23 მაისს აქციაზე ტაბულამ პროტესტის ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს კითხვები დაუსვა LGBTQ თემის უფლებებთან დაკავშირებით, მათი გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე. გოლეთიანმა თქვა, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.


მეორე დღეა, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. საპროტესტო აქცია გუშინ, 23 მაისს დაიწყო. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები