დავითგარეჯის საქმე

გოლეთიანი მელაშვილსა და ილიჩოვაზე: არ ვთვლი, რომ ჩემი პოზიცია საზოგადოებისთვის საინტერესოა

ტაბულა

"მე არ ვთვლი, რომ ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის საზოგადოებისთვის საინტერესო". – ასე პასუხობს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ტაბულას კითხვას ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე. ტაბულამ გოლეთიანს ჰკითხა, როგორია მისი პოზიცია მელაშვილსა და ილიჩოვაზე, მაშინ, როდესაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე განსაკუთრებით აქტიურობენ ის ჯგუფები, რომლებიც დავითგარეჯის გარშემო სახიფათო პროვოკაციაში მონაწილეობენ.

"ის საკითხი, რომ ჩვენ ჩავითვალოთ როგორც პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც ევალებათ, მოეთხოვებათ, რომ ყველა მიმართულებით, რა პრობლემაც არის დღეს ქვეყანაში, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ამას შეგნებულად არ ვთვლით სწორად, რომ ეს ასე იყოს. ჩვენ ამ როლს მიზანმიმართულად არ ვანიჭებთ ჩვენს თავს. ახლა კონცენტრირებული ვართ კონკრეტული საქმის გადაწყვეტაზე, რაც უკავშირდება ნამახვანის ჰესების კასკადს და მივდივართ ამ მიმართულებით. ის, რომ მივედ-მოვედოთ და, ზოგადად, მესმის, რომ ბევრი პრობლემა არსებობს ქვეყანაში და გავიფანტოთ ამ პრობლემაში, ვფიქრობ, რომ ძირითად ვექტორს ავცდებით და ჩვენთვის დამაზიანებელი იქნება". – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.   

გოლეთიანი ამბობს, რომ მისი ჭყონდიდში ჩასვლა საზოგადოებამ პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქვა.

"ეს იყო ჩემი დღის წესრიგი, იქიდან გამომდინარე, რომ იქ სხვა დროსაც დავდიოდით და ჩვეულებრივად დღესასწაულზე წავედით. ეს, თითქოს, პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქვა საზოგადოებამ. მხარდაჭერა არაფერ შუაშია ამ პროცესში. ჩვენ მივედით მსახურებაზე და მხარდაჭერის ნაწილში, ზოგადად, როგორც მოქალაქეს, როგორც ეკლესიის წევრ ადამიანს, ნამდვილად მაქვს სურვილი, რომ იქ მშვიდობა იყოს. არც მხარეებად ვყოფთ არავის და არ მიგვაჩნია, რომ იქ მხარეები ებრძვიან ერთმანეთს". - ამბობს ის.


აღსანიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს დავითგარეჯაში 4 მაისს თავს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია.

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები