აშშ-რუსეთი

კრემლი: პუტინმა და ბაიდენმა შესაძლო სამიტზე სტრატეგიული სტაბილურობა უნდა განიხილონ

19 მაისს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის მომავალ შესაძლო სამიტზე, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, მათ დღის წესრიგში სტრატეგიული სტაბილურობაც უნდა იყოს. 

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მალე ელის.

თეთრი სახლის სპიკერის, იენს საკის თქმით, ისინი რუსებთან სამიტის საკითხზე მუშაობენ:

"ლოჯისტიკის საკითხებზე ვმუშაობთ - ადგილი, დრო, დღის წესრიგი - ყველა კონკრეტული საკითხი".

იენ საკიმ თქვა, რომ არ არის აუცილებელი, აშშ-რუსეთის მრავალი უთანხმოება სამიტის წინ გადაიჭრას. 

"ცხადია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ღირებულებები - ყველა ეს საკითხი სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თავიანთ კოლეგებთან წამოსწიეს. თუმცა მოწვევა, რომ [ბაიდენმა და პუტინმა] ჰქონდეთ დისკუსია იმ პირობით არ შევთავაზეთ, რომ ყველა საკითხი წინასწარ გადაჭრილიყო. ჩვენ ველით, რომ კვლავ უთანხმოებები გვექნება". – აღნიშნა საკიმ.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, თქვა, რომ რუსეთი პუტინი-ბაიდენის შეხვედრის შესაძლებლობაზე მსჯელობს. 

"ჩვენ ვითარების ანალიზს ვაგრძელებთ". – პესკოვი პასუხობს შეკითხვაზე, რუსეთი ოფიციალურად დათანხმდა თუ არა სამიტის გამართვის შემოთავაზებას. 

26 აპრილს კრემლის სპიკერის,  დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ნამდვილად ზაფხულის თვეებში იგეგმება.

მანამდე კრემლი აცხადებდა, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ ერთმანეთს და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. საუბრიდან ორი დღის შემდეგ კი აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა.

პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა.

კომენტარები