დაპირისპირება დმანისში

დმანისის მაჟორიტარი: 3 პოლიციელი ფიზიკურად დაშავდა, ორივე მხარეს არიან დაშავებულები

IPN

ქართული ოცნების დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, დმანისში 17 მაისს მომხდარი დაპირისპირებისას, სამი პოლიციელი დაშავდა. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარის შეფასებით, "პოლიციამ ყველა ზომა მიიღო, რომ დასახლებაში დაწყებული კონფლიქტი დროულად ყოფილიყო აღკვეთილი".

"მე ვფიქრობ, პოლიციამ იმუშავა კარგად, რომ ეს დაპირისპირება უფრო მძიმე შედეგებით არ დასრულებულიყო, მათ შორის, სამი პოლიციელია დაშავებული, დაშავებულები არიან ორივე მხარეს, თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფრო მძიმე, ლეტალური შედეგი". – თქვა მეშველიანმა რუსთავი ორის ეთერში.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე  დაუპირისპირდნენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ასევე, მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

კომენტარები