დაპირისპირება დმანისში

ლომჯარია დმანისზე: პოლიციის რეაგირება არ იყო ეფექტური, არ მოხდა დროული რეაგირება

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ინციდენტის მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტური.

ლომჯარიას თქმით, მიმდინარე მოვლენებმა ცალსახად გამოკვეთა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, გააზრებას და გაძლიერებას საჭიროებს.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 16 და 17 მაისს, დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ძალადობრივ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, რაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან მყისიერი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს, როგორც მომხდარი შემთხვევის ეფექტური გამოძიების, ისე სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიმართულებით.

2021 წლის 18 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დმანისში ჩავიდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და კონფლიქტის თაობაზე ესაუბრნენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ორდღიან უმართავ ჯგუფურ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოვლენების მსგავსმა განვითარებამ დმანისის მრავალეთნიკურ მოსახლეობას შორის დაპირისპირების საფრთხე გააჩინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით.

სახალხო დამცველის შეფასებით, ინციდენტის მიმდინარეობისას მთელი რიგი შემთხვევების დროს სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტური. კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას". – წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველი ასევე, შეშფოთებას გამოხატავს, მოსახლეობის მხრიდან მედიებზე თავდასხმასა და აპარატურის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით. 

"სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს ეფექტიანი გამოძიების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია დადგეს ჟურნალისტებზე თავდასხმის მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა. სახალხო დამცველი შეისწავლის გამოძიების მიმდინარეობას.

ამასთან, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან დმანისის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის წარმოშობილ, სავარაუდოდ კრიმინალური ხასიათის დაპირისპირებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის ხსენებას და მასთან რაიმე ტიპის კავშირის წარმოჩენას.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შესაძლო სამართალდარღვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების, მომხდარის სამართლებრივი შეფასების და ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით. ასევე, მიმდინარე მოვლენებმა ცალსახად გამოკვეთა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, გააზრებას და გაძლიერებას საჭიროებს". – წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 


დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე  დაუპირისპირდნენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

დმანისში კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

17 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ დმანისში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია და  დაპირისპირებული პირები შერიგდნენ, თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები რჩებიან.

კომენტარები