დაპირისპირება დმანისში

კობახიძე დმანისზე: სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო

ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დმანისში პოლიციის რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო. მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

"რამდენადაც ვიცი, უკვე გუშინ იქნა რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს ჩემი ინფორმაციაა, თუმცა შეგიძლიათ გადაამოწმოთ. რაც შეეხება პოლიციის, სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირებას, ეს იყო სათანადო და ადეკვატური და ამის შედეგები ყველამ იხილა. ამ ძალიან რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმოქმედეს სათანადოდ". – ამბობს კობახიძე. 

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე  დაუპირისპირდნენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

დმანისში კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

გუშინ, 17 მაისს, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ დმანისში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია და  დაპირისპირებული პირები შერიგდნენ, თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები რჩებიან.

კომენტარები