ხორავას ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს იარაღი გაფორმებული ჰქონდა. TV პირველთან ინტერვიუში დოდო ოდიშარია ყვება, რომ 4-5 წლის წინ პოლიციას მიმართა კიდეც, იარაღი წაეღოთ. გამოძიების ცნობით, ნიკა კაპანაძემ გასროლისას ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. ერთი მათგანი, 17 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"იარაღი გაფორმებული ჰქონდა. სანამ [ფსიქიკური] პრობლემები ექნებოდა, მანამდე ჰქონდა გაფორმებული. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა, რომ ჩემ მიმართაც დაიწყო ... რა გამოვიდა, ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. მე კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღები-მეთქი. წაიღეს და უკან დააბრუნეს - კერძო საკუთრებაა ესო... 4-5 წელია იმის მერე" - ამბობს ბრალდებულის დედა და აღნიშნავს, რომ მის შვილს სამი იარაღი ჰქონდა გაფორმებული. მისივე თქმით, ნიკა კაპანაძეს თემქაზე, კლინიკაში მკურნალობდა.
" მე ისე გავაჩერე? წამალი გერმანიიდან ჩამოჰქონდათ, 800 ევროს ვიხდიდი და არ დალია. ვერ წარმოვიდგინე, რომ ის კაცს მოკლავდა", - ამბობს ქალი.
დოდო ოდიშარიას თქმით, მისი შვილი დაკავებისას პოლიციას არ უშვებდა.
"იარაღით იყო სულ სახლში, პოლიციას არ უშვებდა. მე გამომიყვანეს საერთოდ. ორჯერ ხმა იყო უსაშველო, იარაღის ხმა არ იყო, რაღაც სხვანაირი ხმა იყო. ისინი მოვიდნენ, სპეცრაზმელები იყვნენ. ეშინოდათ, მე ვუთხარი, ნუ მიხვალთ კართან, მე მიმიშვით, ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა, თქვენ რომ დაიხოცოთ-მეთქი, მე მესროლოს, მათ გამაჩერეს, არაო. ნიკა მესამე სართულზე იყო" - ამბობს ოდიშარია.
TV pirveli-ს კითხვაზე, "რეალურად ყველაფერი დაიწყო ისე, რომ თქვენ უთხარით, არ იხმაუროთო, ჰო?", ბრალდებულის დედა პასუხობს -" ჰო, ეს იყო სულ და გაგრძელდა იქეთ. ის ბავშვი არ მომკვდარიყო, ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ, ნეტა ეს მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო".
ხორავას ქუჩაზე ოთხი ადამიანი 23 ივლისის საღამოს დაჭრეს, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. 17 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
"ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



