დაპირისპირება დმანისში

TDI ჯაღმაიძეზე: დმანისზე გაკეთებული განცხადება ძალადობას ახალისებს, შუღლს აღვივებს

პირველი არხი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი შეშფოთებას გამოხატავს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის დმანისში განვითარებული მოვლენებზე გაკეთებულ განცხადებაზე. 

ანდრია ჯაღმაიძე 18 მაისს პირად ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს და ეთნიკური ქართველებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი "არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად" მოიხსენია. 

TDI -ის მიაჩნია, რომ ჯაღმაიძის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების "არასახარბიელო" ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ თავის პოზიციაში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის გამართლებასაც ცდილობს. 

"აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა, მედიის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებამ, ჟურნალისტებზე თავდასხმამ ან მათზე თავდასხმის გამართლებამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე". – აღნიშნულია განცხადებაში. 

TDI საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებს, გაიაზროს საკუთარი, როგორც გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის, პასუხისმგებლობა და როლი, დაგმოს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სიძულვილის ენის შემცველი პოზიცია და შეწყვიტოს საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება.  

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაფასოს და დაგმოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აღნიშნული განცხადება. 


დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე  დაუპირისპირდნენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

დმანისში კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

17 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ დმანისში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია და  დაპირისპირებული პირები შერიგდნენ, თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები რჩებიან.

კომენტარები