აშშ-უკრაინა

ბლინკენი: უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაძლიერებას განვიხილავთ 

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრო კულებასთან და კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესთან ერთად დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალი მოინახულა.
Reuters

უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი აქტიურად განიხილავს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და დახმარების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. 

ბლინკენმა ასევე თქვა, რომ, რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებულ დამატებით სამხედრო ძალას უკან აბრუნებდა, რუსეთმა მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯარისკაცები და აღჭურვილობა კვლავ ადგილზე დატოვა.

"ვიცით, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან გარკვეული ძალა უკან გაიყვანა, თუმცა იმასაც  ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი [რაოდენობის] ძალები და აღჭურვილობა კვლავ იქაა". - თქვა ბლინკენმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. 

მან ხელახლა აღნიშნა, რომ აშშ სიტუაციას ძალიან ახლოდან აკვირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ათი ათასობით ჯარისკაციდან მხოლოდ 3 500 ჯარისკაცი გაიყვანა უკან.

"იქ შეიძლება საფრთხე იყოს. არავის სურს სიურპრიზები". - თქვა ზელენსკიმ. 

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, უკრაინაში ჩასვლა სურს, რათა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, თუმცა ამის შესახებ სხვა დეტალი არ გაუმჟღავნებია. მას ასევე არ გაუკეთებია კომენტარი უკრაინის მისწრაფებებზე, NATO-ში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით.

"მინდა გითხრათ, პრეზიდენტო, რომ ჩვენ და ასევე პარტნიორები თქვენ გვერდით ძლიერად ვდგავართ. NATO-შიც იმავე რამ მესმოდა ორი კვირის წინ როდესაც ვიყავი და ჩვენ ველით, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დაუფიქრებელი და აგრესიული ქმედებები". - თქვა ბლინკენმა.

ბლენიკენმა ასევე ილაპარაკა რეფორმებზე, რომ ქვეყანამ რეფორმების გზას არ გადაუხვიოს, ებრძოლოს კორუფციას და ოლიგარქების გავლენას. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის უკანასკნელი გადაწყვეტილებით, რის შედეგადაც ქვეყნის წამყვანი ენერგოკომპანიის Naftogaz-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრიი კობოლევი ჩაანაცვლეს.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესთან ერთად დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალი მოინახულა.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი უკვე შეხვდა უკრაინის რადის დეპუტატებს და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას

აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი ასევე შეხვდა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტსა და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერ პეტრო პოროშენკოს. პოროშენკოსთან შეხვედრას ესწრებოდა ბლინკენის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში,  ვიქტორია ნულანდი. პოროშენკოს თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმები.


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-ისთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

დაძაბულობა აპრილის შუა რიცხვებშიც გაგრძელდა. 14 აპრილს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა და შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ შავიზღვისპირეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყო

21 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის, რეზერვისტები სამხედრო სამსახურში მობილიზაციის გამოცხადების გარეშე გამოიწვიონ. ამავე დღეს, ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა. მომდევნო დღეს პუტინმაც შესთავაზა ზელენსკის შეხვედრა.

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1 მაისამდე თავიანთ მუდმივ ბაზებზე დაბრუნებულიყვნენ.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. 

26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის განხილვისთვის კრემლთან დაკავშირება დაავალა.

6 მაისს აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, რუსეთმა მხოლოდ რამდენიმე ათასი სამხედრო გაიყვანა და მნიშვნელოვანი ძალა კვლავ ადგილზე რჩება. პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, 80 000-მდე სამხედრო, რომელიც უკრაინის საზღვრებთანაა დარჩენილი,  2014 წლის შემდეგ მათი ამ ტერიტორიებზე თავმოყრის ჯერ კიდევ უდიდესი რაოდენობაა.

კომენტარები