აშშ-უკრაინა

ენტონი ბლინკენი უკრაინას ეწვევა

ენტონი ბლინკენი
NYT

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, მომავალ კვირას კიევს ეწვევა. 

5 და 6 მაისს ის შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს და, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც 2020 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინას ეწვევა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე ბლინკენი განამტკიცებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის რეფორმების საკითხი ბლინკენისთვის პრიორიტეტი იქნება და რომ ამ მხრივ პროგრესი "უმთავრესია უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და ევროატლანტიკური მომავლისთვის".

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის უკანასკნელი გადაწყვეტილებით, რის შედეგადაც ქვეყნის წამყვანი ენერგოკომპანიის Naftogaz-ის აღმასრულებელი დირექტორის ანდრიი კობოლევის ჩაანაცვლეს. პრაისის თქმით, "ეს უკანასკნელი საუკეთესო პრაქტიკების უგულებელყოფის მაგალითია და ეს უკრაინის რთულად მოპოვებულ ეკონომიკურ პროგრესს საფრთხეს უქმნის".

უკრაინაში გამგზავრებამდე ენტონი ბლინკენი ლონდონს ეწვევა, სადაც დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ივნისში კი G7-ის ლიდერების შეხვედრა კორნუოლში გაიმართება. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის, განცხადებით, ბლინკენი "დემოკრატიული ღირებულებებს განიხილავს, რომლებსაც ჩვენ G7-ის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ვიზიარებთ". სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, G7-ის მინისტრები შეხვედრას ჩინეთის საკითხის განხილვით დაიწყებენ.


შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოდან აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო. უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. მანამდე, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1-ელ მაისამდე თავიანთ მუდმივ სამყოფელს დაუბრუნდნენ.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები