აშშ-უკრაინა

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო მინისტრს შეხვდა

ენტონი ბლინკენი და დმიტრო კულება
Twitter/@DmytroKuleba

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას შეხვდა. ბლინკენის თქმით, ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის და თანამშრომლობის მხარდაჭერას ემსახურება.

"მიხარია, რომ კვლავ დავბრუნდი უკრაინაში. აქ ძალიან მარტივი მიზეზით ვარ - წარმოვადგენ პრეზიდენტ ბაიდენს. გვსურს დავადასტუროთ ძლიერი პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის და, ასევე, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი მხარდაჭერა. აღვნიშნოთ თქვენთან თანამშრომლობაში ჩვენი ერთგულება, მაშინ, როცა თქვენ აძლიერებთ დემოკრატიას, აშენებთ ინსტიტუტებს და ებრძვით კორუფციას" – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

"უკრაინასა და აშშ-ს, როგორც ცენტრალურ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის კავშირების გაძლიერება აძლიერებს ორივე სახელმწიფოს და ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას" – წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი უკვე შეხვდა უკრაინის რადის დეპუტატებს და მოინახულა დონბასის კონფლიქტში დაღუპულთა მემორიალი. ენტონი ბლინკენი ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერმინისტრ დენის შმიგალს.

აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი ასევე შეხვდა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტსა და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერ პეტრო პოროშენკოს. პოროშენკოსთან შეხვედრას ესწრებოდა ბლინკენის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში,  ვიქტორია ნულანდი. პოროშენკოს თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმები.

კომენტარები