ისრაელი

ისრაელში, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

წვეულება ღია სივცეში Covid-19-ზე აცრილებისთვის. ისრაელი, 19 მარტი, 2021
Michael Giladi/Flash90

18 აპრილიდან ისრაელში, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. ასევე სრულიად გაიხსნა სკოლები. ჯერჯერობით, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო რჩება. ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს ღია სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას. ისრაელის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვაქცინირებულია.

სკოლებში სწავლა ყველა დონის მოსწავლეებისთვის განახლდა. პირბადის ტარება სკოლაში სავალდებულო რჩება. თუმცა, მოსწავლეები შეძლებენ ფიზკულტურის გაკვეთილზე, ჭამისას და გაკვეთილებს შორის შესვენებებზე პირბადე არ ატარონ.

პანდემიის მესამე ტალღის შემდეგ ისრაელში ეპიდმგდომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ვაქცინაციის პროცესი ისრაელში მსოფლიოში ყველაზე სწრაფად წარიმართა. Covid-19-ზე ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილია. ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი და დაავადების მძიმე შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ვირუსის გავრცელების შემცირებასთან ერთად, თანდათანობით შემსუბუქდა შეზღუდვები. თუ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გაიზრდება, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობა სრულიად მომავალ თვეში განახლდება 

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 5 343 001 მოქალაქეს კორონავირუსის ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა აქვს მიღებული, ხოლო 4 969 767 ადამიანი ორივე დოზით აიცრა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში ინფიცირების 2 586 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყების შემდეგ ისრაელში კორონავირუსით 6 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის თანახმად, სიკვდილიანობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა ის მოსახლეობას ურჩევს, თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება გააგრძელონ.

კომენტარები