აშშ-რუსეთი

აშშ-ს ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში გაემგზავრა

ჯონ სალივანი
Scott Applewhite/AP 

დღეს, 22 აპრილს, აშშ-ს ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი ბაიდენის ადმინისტრაციასთან კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში გაემგზავრა. ორი დღის წინ რუსეთში აშშ-ს საელჩომ ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით სალივანის ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"მჯერა, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე პირისპირ ვესაუბრო ვაშინგტონში ჩემს ახალ კოლეგებს ბაიდენის ადმინისტრაციიდან. ამასთანვე, ერთ წელზე მეტია, ჩემი ოჯახი არ მინახავს და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია გამგზავრების. მოსკოვში მომავალ რამდენიმე კვირაში დავბრუნდები, მანამდე, სანამ პრეზიდენტებს ბაიდენსა და პუტინს შორის რაიმე შეხვედრა გაიმართება" - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ახალი სანქციების შემდეგ, კრემლი ჯონ სალივანს რუსეთის ფედერაციის დატოვებას და კონსულტაციის გავლას ურჩევდა, რაზეც აშშ-ს ელჩმა უარი თქვა, თუმცა მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ამერიკაში დაბრუნდება. 

Интерфакс-ის თანახმად, სალივანი აეროფლოტის რეისით ლონდონის აეროპორტში გაგაფრინდა, საიდანაც აშშ-ში გადაფრინდება. ვაშინგტონში გაფრენამდე სალივანს პრესასთან არ უსაუბრია.

15 აპრილს აშშ-მ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს. სანქციების მიზეზი 2020 წელის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, ყირიმის ანექსია და მასშტაბური კიბერშეტევები გახდა, რომლებიც აშშ-ს სამთავრობო დეპარტამენტებსაც შეეხო. აშშ-მ ასევე ვაშინგტონიდან გააძევა 10 რუსი დიპლომატი. ამერიკელ ინვესტორებს კი რუსული სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა აეკრძალათ. საპასუხოდ, კრემლმა ქვეყნიდან აშშ-ს 10 დიპლომატი გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა.

რუსეთისთვის აპრილში დაწესებული სანქციები აშშ-ს სანქციების მეორე პაკეტია. მანამდე აშშ-მ ევროკავშირთან კოორდინირებულად რუსეთს სანქციები ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლისა და მისი დაპატიმრების გამო დაუწესა.

მარტის შუა რიცხვებში მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ინტერვიუში ვლადიმირ პუტინს "მკვლელი" უწოდა, რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმო.

კომენტარები